სვანეთი ჩვენი ჯგუფის პრეზენტაცია

Wednesday, November 10, 2010

სვანური სამზარეულო


ქართული სამზარეულო საყოველთაოდაა აღიარებული და დიდი ხანია გაცდა ნაციონალურ ჩარჩოებს. ფართოდაა გავრცელებული ჩახოხბილი, ტაბაკა, ხარჩო, ხაჭაპური, ხინკალი და სხვა.

ქართული სამზარეულო მნიშვნელოვნადაა გამდიდრებული სვანური კერძებით. მათ შორის აღსანიშნავია: სულგუნი (ძროხის ყველი), კაარზ - გადაზელილი (რძეში მოხარშული) ყველი პიტნით, ხაჭაპური - პურის ცომში გამომცხვარი ყველი, მჭადის ფქვილში (ჭიშდვარი) ან ფეტვის ფქვილში (ჭკუტ) შეზელილი ყველის კვერი, კუბდარი - პურის ცომში ჩაშუშული წვრილად დაკეპილი ხორცი, შამ - სიმინდის ბურღულის ფაფა შიგ ჩალაგებული სულგუნის ნაჭრებით, თაშმიჯაბ - ყველის და კარტოფილის შეზელილი პიურე, ჭადი - სიმინდის კვერი და სხვა. მეტად გავრცელებული ფხალეულის (მინდვრის ფხალი, ჭინჭარი, ნაცარქათამა და სხვა) ღვეზელები, რომელიც ხაჭაპურის მსგავსად პურის ცომში ცხვება. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ სვანები ნივრითა და წიწაკით შეკმაზულ ქერის ნახარშს (ლუცფექ) და ქერის ფქვილით შეზავებულ ჭინჭრის წვნიანს (ხარშილ). ამ კერძებს სამკურნალოდაც იყენებენ. გადმოცემის თანახმად, ვინც ამ ნახარშს ათჯერ შეჭამს, იმ წელიწადს ავად არ გახდება.

თითქმის ყველა კერძი შეზავებულია სვანური მარილით, რომელიც წარმოადგენს სუფრის მარილის, წიწაკისა და მრავალრიცხოვანი სურნელოვანი მცენარეების დანაყილ ნარევს. სვანური მარილით დამზადებული კერძები გამოირჩევიან ზომიერი სიცხარითა და განსაკუთრებული სურნელებით. სვანურ მარილს ცალკეც მიირთმევენ.

სვანეთში კერძებს ადგილობრივი ნატურალური პროდუქტებისაგან ამზადებენ, რის გამოც ისინი არომატულობითა და უმაღლესი ეკოლოგიურობით გამოირჩევიან

სვანეთში ვაზი არ ხარობს, ამიტომ ღვინოს ბარიდან ეზიდებიან. სასმელად უმეტესად იყენებენ ადგილობრივი ხილისაგან გამოხდილ არაყს. პოპულარულია თაფლისა და ანწლის არაყიც. სვანური სუფრის აუცილებელი ატრიბუტია მინერალური წყალი, რომლის წყაროები სვანეთში მრავლად მოიპოვება.

No comments:

Post a Comment