სვანეთი ჩვენი ჯგუფის პრეზენტაცია
Wednesday, November 10, 2010
კულტურა და ტრადიცია
სვანეთში, ადგილობრივი კულტურა უწყვეტ ჯაჭვს ქმნის ადრებრინჯაოს ხანიდან დღემდე. ეს კუთხე მდიდარია ეკლესიებით, უნიკალური ფრესკული მხატვრობითა და ხატწერის ნიმუშებით. ადრე საუკუნეებში სვანეთი კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო, შემდეგ კი - ეგრისის სამეფოსი. ძვ.წ. IIIს-ის პირველ ნახევარში, მეფე ფარნავაზის მეფობისას, სვანეთი ქართლის სამეფოს საერითავო იყო. IV საუკუნეში სვანეთი ლაზეთის სამეფოს მოკავშირე გახდა და ხშირად მონაწილეობდა სამეფოს საზღვრების დასაცავად წარმოებულ ლაშქრობებში. სვანეთი პერიოდულად დამოუკიდებელი იყო, ჰყავდა საკუთარი მთავარი და სატომო საბჭოები. ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს სვანეთი ქართლის შემადგენლობაში აღმოჩნდა, მაგრამ VI საუკუნის დასაწყისში ისევ დამოუკიდებელი გახდა. ქრისტიანობა სვანეთში, სავარაუდოდ, ლაზიკას სამეფოს მსგავსად, 523 - 530 წლებში გავრცელდა. ისტორიული წყაროები სვანებს, როგორც ოქროს მომპოვებლებს, ძლიერმეომრებსა და უძველეს მიწათმოქმედ ხალხს მოიხსენიებს. ბერძენი ისტორიკოსი დაგეოგრაფი სტრაბონი სვანების შესახებ შემდეგ ცნობას გვაწვდის: “საუკეთესონი არიან სიმამაცისა და ძალის მხრივ, ფლობენ ისინი ირგვლივ ყოველივეს და უპყრიათ კავკასიონის მწვერვალები, რომლებიც დიოსკურიის ზემოთ არის”. სვანეთს მტრისაგან განადგურება არ განუცდია, აქ ცხოვრება არ შეწყვეტილა და ამიტომაც ძირძველი ქართული მოსახლეობა უცვლელი დარჩა. დასახლებები ვითარდებოდა საოჯახო მეურნეობის პირობებში. დიდი ოჯახის დაშლის შედეგად იქმნებოდა საძმოები (სვ. “ლამხუბ”, “სამხუბ”), რომელთა გაერთიანება ხევის შიგნით ქმნიდა ტერიტორიულ თემს. სვანებმა ჯერ კიდევ უძველეს დროში განავითარეს მესაქონლეობა და მემინდვრეობა, რელიგიური რწმენა-წარმოდგენებიც მეურნეობის ამ დარგებთანაა დაკავშირებული. სვანები აგებდნენ კოშკურ დასახლებებს, ეკლესიებსა და ხიდებს, გაჰყავდათ გზები, აკეთებდნენ სამეურნეო და საომარ იარაღს, გამოჰყავდათ ხორბლის უნიკალური ჯიშები. სვანეთი განთქმულია ხალხური ხელოვნების შესანიშნავი ნიმუშებით, ხეზე კვეთის ხელოვნებით. სვანეთი ცნობილია დახვეწილი ფრესკული მხატვრობითა და ფრესკული მხატვრობის შესანიშნავი სკოლით. სვანეთის ერთ-ერთი სიმდიდრე და საგანძური ადგილობრივი ენაა. სვანური წარმოადგენს იბერიულ-კავკასიური ოჯახის ქართველურ ენათა ერთ-ერთ განშტოებას. სვანური უმწერლობო ენაა. სვანებისათვის სალიტერატურო და ეროვნული ენა ოდითგანვე ქართული იყო. მითი არგონავტების შესახებ სვანეთში მოპოვებულ ოქროს უკავშირდება. ხალხმა გამოცდილებით იცოდა, რომ სვანეთის მდინარეებს ოქრონარევი ქვიშა მოჰქონდა. მდინარეთა ჭალებში სვანები ზოგჯერ ოქროს დიდ ნატეხებსაც პოულობდნენ. ისინი ოქროს მოპოვებას ცხვრის ტყავის დახმარებით ახერხებდნენ. ფიცარზე გაჭიმულ ცხვრის ტყავს წყალში აფენდნენ და ამაგრებდნენ, რომ წყალს არ წაეღო. ამ დროს ტყავის ბეწვიანი მხარე ზემოთ იყო მოქცეული. გარკვული დროის შემდეგ ტყავს ამოიღებდნენ და გასაშრობად გაფენდნენ. გამშრალ ტყავს დაფერთხავდნენ და ოქროს “კენჭებს” გადმოყრიდნენ. ოქროს მოპოვების ეს წესი და საქართველოს მდინარეებში ოქრონარევი ქვიშის არსებობა ცნობილი იყო ბერძენი და რომაელი მწერლებისთვის. არგონავტებიც ოქროს საწმისის - ვერძის ოქროს მატყლიანი ტყავის მოპოვების სურვილმა მოიყვანა კოლხეთის სამეფომდე. სვანეთი მაშინ კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო. ეს ერთადერთი კუთხე იყო, საიდანაც კოლხეთის სამეფოს და მის მრისხანე მეფე აიეტს ოქრო მიეწოდებოდა. სვანეთში დღესაც დასტურდებაა ოქროს მოპოვების ხალხური წესები. სვანეთში ტრადიციები და წეს-ჩვეულებები ისეთივე მკაცრია, როგორიც თავად ბუნება და ცხოვრების სტილი. სარწმუნოებრივ წეს-ჩვეულებებს დიდი ადგილი ეკავა სვანთა ცხოვრებაში. სვანები მღერიან მრავალხმიან სიმღერებს, რომელთა უძველესი ტექსტები მათ შორეულ წინაპრებზე, მონადირეებზე, ოქროს მწარმოებელ, მესაქონლე და მიწათმოქმედ ხალხზე მოგვითხრობენ. სვანები ასრულებენ ცეკვებს, რომლებიც მხოლოდ ამ კუთხისათვის არის დამახასიათებელი და თაობიდან თაობას გადასცემენ მისტიკურ ლეგენდებსა და ზღაპრებს. სვანური ჩაცმულობის განუყოფელი აქსესუარია სვანური ქუდი, რომელიც თექისგან მზადდება. მასზე გრეხილი ძაფი ისეა გადაჭიმული, რომ ზედა ნაწილზე ჯვრის გამოსახულებას ქმნის.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
მე მომწონს
ReplyDelete